пятница, 7 августа 2015 г.
ორგანიზმის შეგუება საარსებო გარემოსთან
ცოცხალი ორგანიზმები სხვადასხვაგვარ გარემოში არსობობენ და ცვალებად
გარემოპირობებსაც წარმატებით ეგუებიან. ორგანიზმები ამას ადაპტაციის საშუალებით
ახერხებენ.
ადაპტაცია არის სახეობის უნარი განიცადოს ცვლილებები, რომელიც საშუალებას
აძლევს შეეგუოს გარემოს მოთხოვნებს.
ადაპტაცია ზოგჯერ ძალიან სწრაფად, ერთი თაობის სიცოცხლის განმავლობაში
ყალიბდება, ზოგ შემთხვევაში კი პატარა ცვლილების ჩამოყალიბება არაერთი წლის ან
თაობათა განმავლობაში გრძელდება.
ადაპტაციის უნარი დედამიწაზე ორგანიზმების გავრცელებისა და სახეობათა
მრავალფეროვნების საფუძველია. განასხვავებენ ადაპტაციის სამ ძირითად ფორმას:ფიზიოლოგიური, სტრუქტურლი და ქცევითი.ორგანიზმების უნარს, შეინარჩუნონ ფიზიოლოგიური პარამეტრებისა და
შინაგანი გარემოს სტაბილურობა მუდმივად ცვალებად გარემოპირობებში
არსებობისათვის, ეწოდება ჰომეოსტაზი. სხეულის ტემპერატურის, წყლის შემცველობის,
pH-ის, ელექტროლიტების ბალანსისა და სხვა პარამეტრების შენარჩუნებით ორგანიზმი
მუდმივ დინამიურ წონასწორობაში იმყოფება გარემოსთან.
ჰომეოსტაზი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ
ადაპტაციას.
განსხვავებული ჯგუფის წამომადგენლებში მსგავსი ადაპტაციური ორგანოების
განვითარება სტრუქტურული ადაპტაციის კარგი მაგალითია. ამ ორგანოთა
ჩამოყალიბება გამოწვეულია მსგავს გარემოში არსებობით. მათი წარმოშობა
განსხვავებულია - ჰაერში ფრენისათვის მწერები, ფრინველები და ძუძუმწოვართა
წარმომადგენელი ღამურაც, ფრთებს იყენებენ.
მწერის ფრთები მკერდის დანამატია. მის საყრდენ უხეშ ძარღვებზე გადაჭიმულია
სიფრიფანა აპკი ან მკვრივი ქიტინი. ღამურას ფრთები ზედა და ქვედა კიდურებს შორის
გადაჭიმული თხელი კანია. ფრინველთა ფრთები სახეშეცვლილი ზედა კიდურებია.
მათი საყრდენია მსუბუქი, ღრუიანი ძვლები. ფრთის ბუმბული მჭიდროდაა განლაგებული, ისე რომ მათში ჰაერის ნაკადი გამჭოლად ვერ აღწევს. ეს ფრინველებს
ჰაერში მანევრირების საშუალებას აძლევს.
მცენარეებში აღინიშნება მრავალი სახის ადაპტაცია, რომელიც დამტვერვას
უზრუნველყოფს. ყვავილების დიდი ნაწილი მწერების საშუალებით იმტვერება.
ყვავილებისაგან მწერი ტკბილ ნექტარს მოიპოვებს და სხვა ყვავილზე გადასვლისას
მტვერიც გადააქვთ. ამით ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ მცენარეთა
დამტვერვაში.
ორქიდეებისა და ზოგიერთი სხვა ყვავილის დამტვერვაში ფრინველებიც
მონაწილეობენ. კოლიბრის ნისკარტი და ენა მორგებულია დასამტვერი ყვავილის
ფორმას.
ფრინველებსა და მწერებზე „დამოკიდებული“ მცენარეები ხშირად მიმზიდველად
შეფერილი, სურნელოვანი დიდი ყვავილით ან ყვავილედით გამოირჩევიან.
მცენარეები, რომელთა ყვავილებს არა აქვთ ისეთი შეფერილობა, რომ შეძლონ
მწერების მოზიდვა, თვითდამტვერვით ან ქარის საშუალებით იმტვერებიან, რისთვისაც
მათ სპეციფიკური ადაპტაცია ახასიათებთ. ხშირ შემთხვევაში მათი ყვავილები
გაზაფხულზე ფოთლებზე ადრე იშლებიან და წარმოქმნიან დიდი რაოდენობით მსუბუქ
მტვერს, რომელიც ქარის საშუალებით ადვილად გაიფანტება. ასეთი მცენარეებია
ხორბალი, სიმინდი და სხვა მარცვლოვნები.
ხშირად მონათესავე სახეობები ეკოლოგიურად განსხვავებულ გარემოში
ცხოვრების გამო შესაბამის ადაპტაციას განიცდიან. ასეთი ადაპტაცია ევოლუციის
პროცესში შესაძლოა ახალი სახეობის წარმოშობის საფუძველი გახდეს. მაგალითად,
სპილოსმაგვარი კუ ხმელეთის ბინადარია. მას სქელი ბაკანი აქვს და ოთხი კუდურით
გადაადგილდება. ზღვის ტყავიან კუს ბაკნის მაგივრობას სქელი ტყავი უწევს, კიდურები
კი წყალში ცხოვრების გამო დროთა განმავლობაში ლასტებად აქვს გადაქცეული - ეს მისი
ადაპტაციაა.
ზოგიერთი ცხოველი მტრის მოსაგერიებლად მუქარის პოზას მიმართავს. ეს
ქცევითი ადაპტაციის მაგალითია. ასე, ავსტრალიური ლაბადიანი ხვლიკი ფართოდ
გაშლის მკაფიო ლაქებით დაფარულ საყელოს და ამ ქცევით ცდილობს მოახლოებული
მტერი დააფრთხოს.
ევოლუციის პროცესში ორგანიზმებს ჩამოუყალიბდათ მრავალგარი ადაპტაცია,
მაგალითად დამცველობითი შეფერილობა, რომელიც მათ მტაცებლებისაგან თავის
გადარჩენაში ეხმარება.
ზამთარში, როცა გარემო თოვლით იფარება, ჩრდილოეთის მრავალ ცხოველს
განგურიეწყება. სხვადასხვა ფერის სამოსი კურდღლებს, კაკბებს, ბუებს, თეთრ მელიებს
და ჩრდილოეთის სხვა ბინადართ თეთრით ეცვლებათ, ზაფხულში კი ისევ თავისი ფერი
უბრუნდებათ.
ტროპიკების ბინადარი მრავალი ამფიბია შხამიანია. მათთვის სურინამში
გავრცელებული ხის ბაყაყის მსგავსად დამახასიათებელია მკვეთრი გამაფრთხილებელი
შეფერილობა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)